3 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტს სტუმრობდა ქალაქ აშდოდის ვიცე-მერი ბატონი მოშე ბოთერაშვილი და მოსკოვში ქართული სკოლის დამფუძნებელი ქალბატონი ანა კერესელიძე-პერეკრესტი - ადამიანები, რომლებიც უდიდეს საქმეს აკეთებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული კულტურისა და განათლების აღორძინებისა და განვითარებისათვის.
ბატონმა მოშემ და ქალბატონმა ანამ მოკლედ და მოკრძალებულად ისაუბრეს თავიანთი საქმიანობისა და მოღვაწეობის შესახებ. თუმცა როგორც ქალაქ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო და საგანმანათლებლო გაერთიანების მმართველმა - ქალბატონმა ელისო ქაროსანიძემ აღნიშნა, ამ ორი ადამიანის მიერ წლების მანძილზე გაკეთებული ქველმოქმედება და ღვაწლი უდაოდ ფასდაუდებელი და მისაბაძი მაგალითია სხვებისთვის.
ქალბატონ ანასა და ბატონ მოშეს ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, პროფესორმა, ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა ქუთაისის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს, შემდგომი საქმიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გასაგრძელებლად ქუთაისის უნივერსიტეტთან დაგეგმონ მორიგი ღონისძიებები, რომლის ერთ-ერთი ნაწილი იქნება იქაური სტუდენტების გამოგზავნა სასწავლებლად ქუთაისის უნივერსიტეტში.
ამ ნაყოფიერი და ფრიად სასიამოვნო შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორი, ხელისშემწყობი და ორგანიზატორი გახლდათ საჩხერის საკრებულოს დეპუტატი, პროფესორი - ქალბატონი ინგა ზამბახიძე, რომელსაც დიდი მადლობა გადაუხადა ორივე მხარემ : სტუმრებმაც და მასპინძლებმაც.
3 ივნისს გამართულ ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ წარმომადგენლები, რომლებიც პირველად იმყოფებოდნენ ქუთაისის უნივერსიტეტში. მათი შთაბეჭდილება იმდენად დიდი და დადებითი გახლდათ, რომ დაუყოვნებლივ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის უპირველესი მიზანია ხელშეწყობა ქუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის დასაქმებისა და სტაჟირების მიმართულებით.
მემორანდუმის მონაწილე ორივე მხარეს მიაჩნია, რომ ურთიერთთანამშრომლობა უპირველეს ყოვლისა საზოგადოებისათვის არის სასარგებლო, ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმებისა და დასაქმების ბაზარზე მაღალი სტანდარტის სპეციალისტების რაოდენობის ზრდას.
დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მუზეუმი და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები{Gallery dir='news/04-06-2016'}