ამა წლის 7–10 ივნისს, ევროკავშირის „TEMPUS“ პროგრამის “PEOPLE” პროექტის ფარგლებში ქ. სტოკჰოლმში, ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტში (KTH) გაიმართა საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრა და ჩატარდა ტრეინინგ სემინარები ადამიანური რესურსების მართვაზე. ქუთაისის უნივერსიტეტის ორი წარმომადგენელი – დირექტორი ნინო ხაზარაძე და ადამიანური რესურსების მენეჯერი ელგუჯა დეისაძე – აქტიურად მონაწილეობდა სტოკჰოლმის შეხვედრებზე.
ამ შეხვედრების პირველი სამი დღე სრულიად დაეთმო პროექტის აქტივობებს, რომლებიც მეორე და მესამე სამუშაო პაკეტში შედიოდა:
ადამიანური რესურსების მართვის სფეროში KTH–ში და შვეციის საჯარო დაწესებულებებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა მონაწილეებისთვის (მომავალი ტრენერებისთვის ყაზახეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან);
ადამიანური რესურსების მართვის სპეციფიკური თემების (თანაშრომლობა განვითარებისთვის, პერსონალური პოლიტიკა, ქოუჩინგი და სხვ.) ირგვლივ დისკუსიები;
ადამიანურ რესურსებში პარტნიორი უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების შეფასება ე.წ. „კრიტიკული მეგობრის“ მეთოდის გამოყენებით.
ბოლო დღე დაეთმო საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრას, რომლის დროსაც “PEOPLE” პროექტის წამყვანმა ექსპერტმა ალისია ბერლანგამ (კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ბარსელონა) მოკლედ მიმოიხილა მიმდინარე აქტივობები და დაანონსა შემდგომი ნაბიჯები პროექტის წარმატებით დაგვირგვინებისთვის. პროექტის განრიგის მიხედვით დარჩენილია მხოლოდ ორი შეხვედრის (საერთაშორისო კონფერენციის) მოწყობა პარტნიორ ქვეყნებში: საქართველოში (ქ. თბილისი), ამა წლის სექტემბერში და სომხეთში (ქ. ერევანი), 2017 წლის მაისში.{Gallery dir='news/03-07-2016'}