ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

წინასაახალწლო განწყობა პატარებისთვის

 

დეკემბრის თვე ქუთაისის უნივერსიტეტში განსაკუთრებით დატვირთულია საქველმოქმედო თუ გასართობი ღონისძიებებით; კულმინაცია კი ყოველთვის პატარების ზეიმი გახლავთ. წელს ეს შეხვედრა ბავშვებთან დეკემბრის მიწურულს დაიგეგმა:
29 დეკემბერს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ტრადიციად ქცეული საახალწლო კარნავალი გაიმართა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების პატარებისათვის.

ლამაზად მორთული დარბაზი სავსე გახლდათ თვალებგაბრწყინებული ბავშვებით, სტუდენტებითა და თანამშრომლებით.

სცენაზე პატარებთან ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ სხვადასხვა ზღაპრის  გმირები. მათი მხიარული სიცილი, შეძახილები და საზეიმო განწყობა   უფროსებსაც გადაედო და  მთელ დარბაზში იგრძნობოდა ახალი წლის მოლოდინი.

პატარებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ზღაპრის გმირებთან, მშობლებთან და თანატოლებთან ერთად. ზეიმი შედგა - ამდენმა ბედნიერმა და სახეგაბრწყინებულმა ბავშვმა ნამდვილად ყველას შეგვიქმნა წინასაახალწლო პოზიტიური განწყობა.

დასასრულს, თოვლის ბაბუამ დამდეგი ახალი წელი მოგვილოცა და ბავშვებს მათთვის მომზადებული ტკბილეული და საჩუქრები ჩამოურიგა.

სულ მალე ახალი 2017 წელი შემოაღებს კარებს, ფეხბედნიერი ყოფილიყოს იგი ყოველი ჩვენგანისათვის!

დამდეგ ახალ წელს ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო საქართველო!

 


ბოლო სიახლეები