ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მეშვიდე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი დაამტკიცა. აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შემოსული საკითხები დეპუტატებმა კომისიებზე დეტალურად შეისწავლეს. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კუპრაძის ქუჩის მე-2 შესახვევს ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ვალერიან ქელბაქიანის სახელი მიენიჭა.
ზოგიერთი ბიოგრაფიული ცნობა ვალერიან (ვალიკო) ქელბაქიანის შესახებ
არიან ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეშივე ეზიარებიან უკვდავებას, განუზომელ სიყვარულსა და გულწრფელ პატივისცემას იმსახურებენ. მათი ცხოვრების სახელოვან გზას მარადუჭკნობი გვირგვინი ამშვენებს. სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა ვალერიან (ვალიკო) ქელბაქიანი, მან ისე იცხოვრა და იღვაწა, რომ კარგი კაცის სახელით განშორდა სამყაროს.
პროფესორი ვალერიან ქელბაქიანი დაიბადა 1933 წლის პირველ იანვარს, ტყიბულის რაიონის სოფელ ოჯოლაში.
1952 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. მოსწავლეობის წლებში მუშაობდა სკოლის კომკავშირის კომიტეტის მდივნად. იყო რაიონის გაზეთის შტატგარეშე კორესპოდენტი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა მოსწავლეთა საგნობრივ წრეებში.მეათე კლასში სწავლისას ფიზიკის მასწავლებლის ხელმძღვანელობით დაამზადა მზისა და მთვარის დაბნელების საჩვენებელი ხელსაწყო, რომელმაც მოსწავლეთა შორის რესპუბლიკური პრემია დაიმსახურა.
1952 წელს ჩაირიცხა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1956 წელს დაამთავრა ინსტიტუტი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ქალაქის საშუალო სკოლაში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციებში. 1960 წლის მარტის თვიდან მუშაობას იწყებს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების უფროსს მეთოდისტად. 1969-1974 წლებში მუშაობდა პედინსტიტუთთან არსებულ ქუთაისის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ფაკულტეტის დეკანად.
1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მუშაობას აგრძელებს მათემატიკის კათედრის დოცენტად. 1974 წელს დაინიშნა ქუთაისის პედინსტიტუტის დაუსწრებელი და საღამოს სწავლების პრორექტორად, სადაც მუშაობდა 1985 წლამდე. მონაწილეობას ღებულობდა საკავშირო და რესპუბლიკურ სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციებში. 15 წელი იყო საკავშირო და რესპუბლიკური სამინისტროების მეთოდკომისიის წევრი მათემატიკაში. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო მეთოდური ნაშრომი ქართულ და და რუსულ ენებზე. 15 დამოუკიდბელი წიგნი, 4 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო, ერთ დამხმარე სახელმძღვანელო, ამოცანათა კრებული და სხვა. მისი ხელმძღვანელობით თხუთმეტმა ასპირანტმა და მაძიებელმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1988 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მათემატიკის სწავლების მეთოდიკაში. ამ სპეციალობით იყო პირველი დოქტორი საქართველოში. 1987 წელს აირჩიეს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გამოთვლითი მეთოდებისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგედ.
1990 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო დისერტაციის დაცვის საბჭოს წევრი მათემატიკაში. მრავალ საკანდიდატო და სადოქოტორ დისერტაციებს გაუკეთა საექსპერტო რეცენზირება და შეასრულა ოპონენტობა. მისი ხელმძღვანელობით 15 აპირანტმა და მაძიებელმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მის კათედრაზე მრავალმა ასპირანტმა და მაძიებელმა ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმი ინფორმატიკისა და გამოთვლით ტექნიკაში. 1995 წელს აირჩიეს საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად და აკადემიის პრეზიდიუმის წევრად. იყო პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელი. იგი მონაწილეობას იღებდა უმაღლესი და საშუალო სკოლის რეფომის განხორციელებაში, წლების მანძილზე მუშაობდა ქალაქისა და რეგიონის მათემატიკის ტურებისა და ოლიმპიადების თავჯდომარედ.
მიღებული ქონდა სსრკ კავშირის განათლების სამინისტროს ორი სიგელი. 1983 წელს მიენიჭა საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის წოდება. 1991 წელს ქუთაისში პირველმა დაარსა კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ამჟამინდელი სახელწოდებით - ქუთაისის უნივერსიტეტი, რომლის რექტორი თავად იყო გარდაცვალებამდე.
1998 წლის პირველი აპრილის პრეზიდენის ბრძანებით დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. 1998 წელს აირჩიეს ქუთაისის საკრებულოში, იყო განათლებისა და მეცნიერების ქვეკომისიის თავმჯდომარე. გარდაიცვალა 2002 წლის 31 მაისს, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე საიუბილეო 70 წელი შეუსრულდებოდა.