ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევითმა ინსტიტუტმა პანელური დისკუსია - "საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციები და გამოწვევები“ გამართა.
პანელურ დისკუსიაში როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის, ისე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, "ევროპის უნივერსიტეტის", აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა. დისკუსია ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა.
ღონისძიებას მოდერირებას ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე და ასოცირებული პროფესორი გოჩა უგულავა უწევდნენ.
მოდერატორებმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვის, სავაჭრო სალდოს და ექსპორტ-იმპორტის შესახებ ისაუბრეს.
განიხილეს საქართველოს ექსპორტ-იმპორტის მოცულობების დინამიკა ქვეყნებისა და წამყვანი სასაქონლო პოზიციების მიხედვით. წარმოადგინეს ექსპორტისა და იმპორტის დროითი მწკრივების მოდელები, გაანალიზდა პროგნოზები.
ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება, ევროკავშირთან დადებულ ხელშეკრულებებით მონიჭებული პრეფერენციების და უპირატესობების უკეთ გამოყენება, საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირის ქვეყნებთან ზრდაზე ორიენტირებულობის აუცილებლობა და ა.შ.
აღინიშნა, რომ საგარეო მსოფლიო ბაზარზე, სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის მოკრძალებული წილი და ასეთივე პოზიცია ექსპორტის მხარდაჭერის დახვეწილი მექანიზმების არარსებობამ და უსისტემობამ განაპირობა.
გამოითქვა საქართველოს საექსპორტო სტრატეგიის კონკურენტუნარიანობის კრიტერიუმად მისი ინოვაციური მიმართულების გამოკვეთისა და გაზრდის სურვილი, რაც ქვეყანას მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლისა და მომსახურების შექმნის საშუალებას მისცემდა.