ქუთაისის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, გიორგი ხუციძე რუმინეთში, დასავლეთ ტიმიშოარას უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლობს.
რატომ გადაწყვიტე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
იმ გამოცდილებებიდან, რომელიც დამიგროვდა ჩემი წინა გაცვლითი პროგრამებიდან, გადავწყვიტე ბედი ისევ მეცადა, რადგან ვიცოდი თუ რა გავლენას მოახდენდა ეს ჩემს პიროვნულ განვითარებაზე და ჩემს სამომავლო კარიერაზე.
რა არის რუმინული კულტურის ის ნაწილი, რაც განსაკუთრებით მოგწონს ?
როგორც ქართველი ძალიან ვაფასებ თუ როგორ უყვართ მათ თავიანთი გამორჩეული კულტურა: მუსიკა, ცეკვა, ნაციონალური სამზარეულო. ყველა ასპექტში იგრძნობა კულტურული სილაღე, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
რა არის ერთი განსხვავება რუმინულ და ქართულ განათლების სისტემებს შორის?
უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოშიც და რუმინეთშიც სტუდენტები უზრუნველყოფილი არიან განათლების უმაღლესი ხარისხით. განსხვავება ისაა, რომ რუმინულ საგანმანათლებლო სივრცეში ფორმალური საგანმანათლებლო სისტემა მკაცრი მიდგომებითა და ინსტრუქციებით გამოირჩევა.
როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
ძირითადად, აქ შეძენილ მეგობრებთან ერთად ვცდილობ ბევრი საინტერესო აქტივობით დავკავდე.
რა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისას?
მიუხედავად გამოცდილებისა, აღმოვჩნდი სრულიად უცხო გარემოში, სტანდარტებითა და განსხვავებული კულტურით გამორჩეულ სოციუმში, შესაბამისად, ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა.
რისი მიღება გსურს გაცვლითი პროგრამისაგან?
მსურს, ბევრი სასიამოვნო მოგონების დაგროვება ჩემს უცხოელ მეგობრებთან ერთად და რა თქმა უნდა, ხარისხიანი განათლების მიღება.
როგორც გაცვლითი პროგრამის მონაწილე, ხარ სამშობლოს ელჩი რუმინეთში. რისი გაზიარება გსურს მშობლიური უნივერსიტეტზე საერთაშორისო სტუდენტებთან?
თუ როგორი კომფორტული გარემო და მხიარული განწყობაა ჩვენს უნივერსიტეტში და როგორი სასიამოვნოა იქ სწავლა.
სწავლობ თუ არა ენას, რომელზეც საუბრობენ შენს არჩეულ მასპინძელ ქვეყანაში?
სამწუხაროდ, სალექციო კურსს ვერ ვესწრები, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობისგან ვცდილობ ფრაზების დამახსოვრებას.
გაქვს თუ არა სამოგზაურო გეგმები, სანამ გაცვლითი პროგრამის მონაწილე ხარ?
რა თქმა უნდა, ყველა გაცვლითი პროგრამის ნაწილია მოგზაურობა. პირველ რიგში, რუმინეთის სხვა მხარეებს მოვინახულებ, შემდეგ მეზობელი ქვეყნების ნახვასაც ვგეგმავ.
რა რჩევას მისცემდი ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
არ დაიზარონ იმ პროგრამებში მონაწილეობის მიღება, რასაც ქუთაისის უნივერსიტეტი სთავაზობს და არ შეეშინდეთ გამოწვევების, რადგან მათი დაძლევის შემდეგ, გაივლიან ერთ-ერთი გამორჩეულ ეტაპს თავიანთ ცხოვრებაში.