ქუთაისის უნივერსიტეტს პარტნიორი ჩინეთის სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ლიდერებისა და საუნივერსიტეტო კლინიკების ხელმძღვანელებისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია.
ვიზიტის მიზანი უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და აკადემიური გაცვლის გაღრმავებაა.
სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა და დეკანებმა ქუთაისის უნივერსიტეტის კონფუცის კლასი, სასწავლო, შემეცნებითი, შემოქმედებითი სივრცეები დაათვალიერეს და კონფუცის კლასის მოსწავლეების ჩინური ენის ცოდნა შეაფასეს.
შეხვედრაზე, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი და კონფუცის კლასის დირექტორი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ, განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განათლების, აკადემიური გაცვლის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და პერსონალის გადამზადების მიმართულებით.