საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ტირის“ და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ამა წლის 20-23 აგვისტოს წახკაძორში (სომხეთი) ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენელი - ასისტენტ-პროფესორი ელგუჯა დეისაძე მიწვეული იყო კურიკულუმის შემუშავების 4 დღიან ვორკშოპზე - „ინტეგრირების სწავლება“.
„ტირი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც თანამშრომლობს სამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა გამონახოს და მიიღოს ინტეგრირების საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკული გადაწყვეტილებები. „ტირი“ დაარსდა იმ მრწამსის საფუძველზე, რომ „ინტეგრირება“, რომელიც გულისხმობს ანგარიშვალდებულებას, კომპეტენციას და ეთიკას კორუფციის გარეშე, იძლევა მდგრადი და ჭეშმარიტი განვითარების ძალიან დიდ შესაძლებლობას მთელ მსოფლიოში.
აღნიშნული „ვორკშოფის“ ანუ სემინარ-ტრეინინგის მთავარი მიზანი გახლდათ მონაწილეების (საქართველოს და სომხეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები) მიერ დეტალური კურიკულუმისა და ერთსემესტრიანი სილაბუსის ან მოდულის შედგენა ინტეგრირების საკითხზე, რომელიც მორგებული იქნებოდა თითოეული უნივერსიტეტის სტრუქტურას, მოთხოვნებსა და და საჭიროებებს. წარსადგენი კურსის მონახაზმა საფუძველი უნდა მისცეს ახალი კურსის შემუშავებას, რომლის სწავლება „ტირის“ თხოვნით სასურველი იქნება დაიწყოს 2012-2013 სასწავლო წლიდან.
ქუთაისის უნივერსიტეტის მხრიდან წარდგენილი იქნა სადოქტორო დონის არჩევითი ახალი კურსი - „ფისკალური დეცენტრალიზაცია განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში“, რომელც წინასწარ შემუშავებული იქნა ბუდაპეშტის საზაფხულო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი ონ-ლაინ კურსის „Intergovernmental Fiscal Relations and Local Financial Management” ბაზაზე. აღნიშნულმა დისციპლინამ დიდი მოწონება დაიმსახურა „ტირის“ ექსპერტების მხრიდან.
სასწავლო სემინარ-ტრეინინგის დასკვნით სესიაზე მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.